1 ტიმოთე
1 2 3 4 5 6

1

პავლე, ქრისტე იესოს მოციქული, ღვთის, ჩვენი მაცხოვრის და ჩვენი სასოების, იესო ქრისტეს ბრძანებით.

2

ტიმოთეს, ჭეშმარიტ შვილს რწმენაში: მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან.

3

როცა მაკედონიაში მივდიოდი, გთხოვდი დარჩენილიყავი ეფესოში და გემცნო ზოგიერთებისათვის, რომ არ ასწავლონ განსხვავებული რამ

4

და არ შეაჩერონ ყურადღება ზღაპრებსა და დაუსრულებელ საგვარტომო ნუსხებზე, რომლებიც დავას უფრო იწვევენ, ვიდრე ღვთიურ მნეობას რწმენაში.

5

ხოლო მცნების მიზანია წმიდა გულით, კეთილი სინდისითა და უთვალთმაქცო რწმენით სიყვარული,

6

რასაც ზოგიერთები ასცდნენ და გადაუხვიეს ამაო ლაყბობისაკენ.

7

რადგან სურთ რჯულის მასწავლებლები იყვნენ, არ კი გაეგებათ, რას ლაპარაკობენ და რას ამტკიცებენ.

8

ხოლო ჩვენ ვიცით, რომ რჯული მაშინ არის კეთილი, თუ ვინმე ჯეროვნად იყენებს მას.

9

ცნობილია, რომ რჯული დადგენილია არა მართალთათვის, არამედ ურჯულოთა და ურჩთა, უღვთოთა და ცოდვილთა, გარყვნილთა და უწმიდურთა, დედ-მამის მკვლელთა და კაცისმკვლელთათვის,

10

მეძავთა და მამათმავალთა, კაცის-მპარავთა და ცრუთა, ფიცის გამტეხთა და ყველა სხვათათვის, ვინც საღ მოძღვრებას ეწინააღმდეგება,

11

კურთხეული ღვთის დიდებული სახარების თანახმად, რომელიც მე მაქვს მონდობილი.

12

ვემადლიერები მას, ვინც ძალა მომცა — ჩვენს უფალს ქრისტე იესოს, რომელმაც სარწმუნოდ მიმიჩნია და განმაწესა მსახურებად.

13

მე, რომელიც უწინ მგმობელი, მდევნელი და შეურაცხმყოფელი ვიყავი, მაგრამ შეწყალებულ ვიქენი, ვინაიდან უმეცარი ვიყავი და ვიქცეოდი ურწმუნოებით.

14

მაგრამ უფრო მეტად გაუხვდა ჩვენი უფლის მადლი რწმენით და სიყვარულით ქრისტე იესოში.

15

სარწმუნოა და სრულიად მიღების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა სოფელში ცოდვილთა სახსნელად, რომელთა შორის პირველი მე ვარ.

16

სწორედ იმიტომ ვიქენი შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს ჩემით პირველად ეჩვენებინა მთელი სულგრძელება მათდა სამაგალითოდ, რომლებიც ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის.

17

ხოლო საუკუნეთა მეფეს, უხრწნელს, უხილავს, ერთადერთ ღმერთს — მას დიდება და პატივი უკუნეთი უკუნისამდე. ამინ.

18

ამ მცნებას შენ განდობ, შვილო ტიმოთე, შენზე მოვლენილი უწინდელი წინასწარმეტყველების თანახმად, რათა იომო, როგორც კეთილმა მეომარმა,

19

გქონდეს რწმენა და კეთილი სინდისი, რომელიც უარყვეს ზოგიერთებმა და დაიმსხვრა მათი რწმენის ხომალდი.

20

მათგან არიან ჰიმენევსი და ალექსანდრე, რომლებიც სატანას გადავეცი, რათა ისწავლონ, რომ აღარ დაგმონ.

© 2018 Дом Молитвы. Христианская Интернет Миссия.