2 პეტრე
1 2 3

1

სიმონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული, მათ, ვინც მიიღეს იგივე ძვირფასი რწმენა, რაც — ჩვენ ჩვენი ღვთისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს სიმართლით:

2

მადლი და მშვიდობა გაგიმრავლდეთ ღვთისა და ჩვენი უფლის იესოს ცოდნით,

3

ისე, როგორც მისმა ღვთიურმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე, რაც სიცოცხლისა და ღვთისმოსაობისათვის გვჭირდება, მისი ცოდნით, ვინც მოგვიწოდა თავის დიდებასა და სათნოებაში,

4

რომელთა მიერაც მოგვენიჭა უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი, რათა მათ მიერ გახდეთ ღვთიური ბუნების ზიარნი და ამ სოფელში განერიდოთ გულისთქმით გამოწვეულ გახრწნილებას.

5

ამისათვის ეცადეთ, ყოველი ღონე იხმაროთ, რათა შესძინოთ თქვენს რწმენას სათნოება და სათნოებას — ცოდნა,

6

ცოდნას — თავშეკავება, თავშეკავებას — მოთმინება, მოთმინებას — ღვთისმოსაობა,

7

ღვთისმოსაობას — ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას — სიყვარული.

8

ვინაიდან, თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, არ დარჩებით უქმად და უნაყოფოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ცოდნაში.

9

ხოლო, ვისაც არ გააჩნია, ის ბრმაა და ბეცი, და დავიწყებული აქვს, რომ განწმედილია ძველი ცოდვებისგან.

10

ამიტომ, ძმანო, უფრო და უფრო ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა. თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ,

11

ვინაიდან ასე უხვად გაგეხსნებათ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს საუკუნო სასუფევლის შესასვლელი.

12

ამიტომ მუდამ შეგახსენებთ ამას, თუმცა იცით და მტკიცენი ხართ ახლანდელ ჭეშმარიტებაში.

13

სწორად კი მივიჩნევ შეხსენებით გამოგაფხიზლოთ, ვიდრე ამ კარავში ვიმყოფები.

14

რადგან ვიცი, რომ მალე უნდა მივატოვო ჩემი კარავი, როგორც გამომიცხადა კიდეც ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ.

15

ვეცდები, რომ ჩემი წასვლის შემდეგაც ყოველთვის იხსენებდეთ ამას.

16

ვინაიდან ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ძალი და მოსვლა ბრძნული იგავების მოყოლით კი არ გაუწყეთ, არამედ მისი სიდიადე საკუთარი თვალით ვიხილეთ.

17

ვინაიდან მან მამა ღვთისაგან მიიღო პატივი და დიდება, როცა მისი დიდმშვენიერი დიდებიდან მასთან მიაღწია ასეთმა ხმამ: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე.“

18

ეს ზეციდან წამოსული ხმა გავიგონეთ, როცა მასთან ერთად წმიდა მთაზე ვიყავით.

19

ახლა ჩვენ გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა და კარგად იქცევით, რომ მიმართავთ მას, როგორც ლამპარს, რომელიც ბნელში ანათებს, ვიდრე დღე გათენდებოდეს და ცისკრის ვარსკვლავი ამოვიდოდეს თქვენს გულებში.

20

ეს იცოდეთ უპირველესად, რომ წერილის არავითარი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება.

21

ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღვთისაგან წარმოთქვამდნენ მას.

© 2018 Дом Молитвы. Христианская Интернет Миссия.