საქმეები

1

პირველი წიგნი, თეოფილე, მე შევადგინე ყოველივე იმის შესახებ, რისი კეთება და სწავლებაც დაიწყო იესომ,

2

იმ დღემდე, ვიდრე ამაღლდებოდა, სულიწმიდით მოძღვრავდა მოციქულებს, რომლებიც მან ამოირჩია,

3

რომელთაც წარუდგა ცოცხლად თავისი ტანჯვის შემდეგ, მრავალი სარწმუნო ნიშნით. ორმოც დღეს ეჩვენებოდა მათ და მოუთხრობდა ღვთის სასუფეველზე.

4

და შეკრიბა ისინი და უბრძანა: არ გასცილებოდნენ იერუსალიმს, არამედ დალოდებოდნენ მამის აღთქმულს, რაზეც უთხრა: „ჩემგან მოისმინეთ;

5

ვინაიდან იოანე ნათლავდა წყლით, თქვენ კი, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, მოინათლებით სულიწმიდით.“

6

ამიტომ შეკრებილნი ეკითხებოდნენ მას: „ამ ხანებში ხომ არ აღუდგენ, უფალო, ისრაელს სამეფოს?“

7

უთხრა მათ: „თქვენი საქმე არ არის, იცოდეთ დროები ან ვადები, რომელიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით.

8

არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე.“

9

ეს თქვა და, სანამ ისინი უყურებდნენ მას, ამაღლდა და ღრუბელმა მოაფარა მათ თვალს.

10

როცა ისინი ხედავდნენ მის ცად ამაღლებას, აჰა, წარუდგა მათ ორი კაცი თეთრი სამოსით.

11

უთხრეს: „გალილეველო კაცებო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას? ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, კვლავ მოვა ისევე, როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ.“

12

მაშინ ისინი დაბრუნდნენ იერუსალიმში ზეთისხილისად წოდებული მთიდან, რომელიც მდებარეობს იერუსალიმის ახლოს, შაბათის გზაზე.

13

შესვლისთანავე ავიდნენ ზედათვალში, სადაც იმყოფებოდნენ პეტრე და იოანე, იაკობი და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისა.

14

ისინი ყველანი ერთსულოვნად გამუდმებულ ლოცვა-ვედრებაში იყვნენ დედაკაცებთან, იესოს დედასთან, მარიამთან, და მის ძმებთან ერთად.

15

იმ დღეებში წამოდგა პეტრე შეკრებილ ძმებს შორის და თქვა (იქნებოდა იმ ადგილას სულ ასოცამდე კაცი):

16

„კაცნო ძმანო! უნდა აღსრულებულიყო წერილი, რაც წინასწარ თქვა სულიწმიდამ დავითის პირით იუდაზე, რომელიც წაუძღვა იესოს შემპყრობლებს,

17

ვინაიდან იგი ჩარიცხული იყო ჩვენთან და წილად ხვდა ეს სამსახური.“

18

მან შეიძინა მიწა უსამართლობის საზღაურად და, როცა დაენარცხა, შუაზე გასკდა და მთელი შიგნეულობა გადმოეფანტა.

19

ეს ცნობილი გახდა იერუსალიმის ყველა მკვიდრისათვის. ამგვარად, მათს საკუთარ ენაზე ეწოდა იმ მიწას ხაკელდამა, ანუ სისხლის ყანა.

20

„ვინაიდან ფსალმუნთა წიგნში სწერია: ‘გატიალდეს მისი სახლ-კარი, ნუ იქნება მასში მკვიდრი’; და ‘მისი განსაგებელი სხვამ მიიღოს’.

21

ამგვარად, ჯერ არს, იმ კაცთაგან, ვინც მუდამ თან გვახლდნენ, როცა ჩვენს შორის დადიოდა უფალი იესო,

22

იოანეს ნათლისცემიდან მოყოლებული ჩვენგან მისი ამაღლების დღემდე, ერთ-ერთი მათგანი გახდეს ჩვენთან ერთად მისი აღდგომის მოწმე.“

23

და დააყენეს ორნი: იოსები, ბარშაბად წოდებული, რომელსაც იუსტოსი შეარქვეს, და მათია.

24

ილოცეს და თქვეს: „უფალო, ყველას გულთამხილველო, გვიჩვენე ამ ორთაგან2ერთი, რომელიც შენ ამოირჩიე,

25

რომ მიიღოს ადგილი ამ მსახურებისა და მოციქულობისა, რომელსაც გამოაკლდა იუდა, რათა თავის ადგილზე წასულიყო.“

26

და წილი უყარეს მათ და ერგო წილი მათიას, და მიეთვალა თერთმეტ მოციქულს.

© 2018 Дом Молитвы. Христианская Интернет Миссия.