იაკობი
1 2 3 4 5

1

იაკობი, ღვთისა და უფლის იესო ქრისტეს მონა, განთესილობაში მყოფ თორმეტ ტომს, გიხაროდეთ.

2

ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც მრავალნაირ განსაცდელში ცვივდებით.

3

რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას შობს.

4

მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოთ სრულქმნილნი, წუნდაუდებელნი და ყოველმხრივ უნაკლონი.

5

თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა.

6

რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს, რადგან ეჭვიანი ჰგავს ზღვის ტალღას, ქარისაგან აღძრულსა და მიმოტაცებულს.

7

ნურც ჰგონია ასეთ კაცს, რომ ღვთისაგან მიიღებს რაიმეს.

8

ორჭოფი კაცი მერყევია თავის ყველა გზაზე.

9

მაგრამ თავმდაბალი ძმა იქოს თავისი სიმაღლით,

10

მდიდარი კი — თავისი სიმდაბლით, რადგან გადაივლის, როგორც ბალახის ყვავილი.

11

რადგან აღმოხდა მზე პაპანაქებით და გაახმო ბალახი, დაცვივდა მისი ყვავილი და მისი სახის მშვენება დაიკარგა. ასე დაჭკნება მდიდარი თავის გზებზე.

12

ნეტარია კაცი, რომელმაც დაითმინა განსაცდელი, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, ღმერთმა რომ აღუთქვა თავის მოყვარულთ.

13

ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისგან ვიცდებიო. რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც არავის ცდის.

14

არამედ ყოველი იცდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას.

15

მერე გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას. ჩადენილი ცოდვა კი შობს სიკვდილს.

16

ნუ შეცდებით, ჩემო საყვარელო ძმებო.

17

ყველა კეთილი საბოძვარი და ყველა სრულყოფილი ნიჭი მაღლიდან მოდის, ნათელთა მამისაგან, რომელთანაც არ არის ცვლილება და არც ჩრდილი ცვალებადობისა.

18

მან თავისი ნებით გაგვაჩინა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ ვითარცა პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის.

19

ჰოდა, ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი იყოს სმენაში მკვირცხლი, სიტყვაში ნელი და რისხვაში ნელი.

20

ვინაიდან ადამიანის რისხვა არ ქმნის ღვთის სიმართლეს.

21

ამიტომ, მოიშორეთ ყოველგვარი სიბინძურე და ბოროტების ნატამალი და მშვიდად მიიღეთ თქვენში ჩანერგილი სიტყვა, რომელსაც თქვენი სულების ხსნა შეუძლია.

22

იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი თავის მოსატყუებლად.

23

რადგან, თუ ვინმე ისმენს სიტყვას და არ ასრულებს, ჰგავს ადამიანს, რომელიც თავის ბუნებრივ სახეს სარკეში ათვალიერებს.

24

შეხედა თავის თავს, წავიდა და მყისვე დაავიწყდა, როგორია იგი.

25

მაგრამ, ვინც ჩაუკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და ასე განაგრძობს, მომსმენი და დამვიწყებელი კი აღარაა, არამედ საქმის მოქმედი. კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში.

26

თუ რომელიმე თქვენგანს ჰგონია, რომ მორწმუნეა და ენას არ ალაგმავს, არამედ თავის გულს აცდუნებს, ფუჭია მისი სარწმუნოება.

27

წმიდა და შეუბღალავი საწმუნოება მამის წინაშე ისაა, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი სოფლისაგან.

© 2018 Дом Молитвы. Христианская Интернет Миссия.