იუდა
1

1

იუდა, იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა — მოწოდებულთ, რომელნიც შეიყვარა მამა ღმერთმა და დაცულნი არიან იესო ქრისტესათვის.

2

გაგიმრავლდეთ წყალობა, მშვიდობა და სიყვარული.

3

საყვარელნო! ძალიან მოწადინებული ვიყავი მომეწერა თქვენთვის ჩვენს საერთო ხსნაზე. საჭიროდ ჩავთვალე მომეწერა თქვენთვის შეგონება, რომ იღწვოდეთ რწმენისათვის, რომელიც ერთხელ წმიდებს გადაეცა.

4

ვინაიდან შემოიპარნენ ზოგიერთი ადამიანები, რომელთაც ადრიდანვე ეწერათ ეს მსჯავრდება, უღვთონი, რომელთაც ჩვენი ღვთის მადლი გარყვნილებად აქციეს და უარყოფენ ერთადერთ მბრძანებელსა და ჩვენს უფალ იესო ქრისტეს.

5

მინდა შეგახსენოთ, უკვე ყველაფრის მცოდნეთ, რომ უფალმა იხსნა ხალხი ეგვიპტის ქვეყნიდან და შემდეგ დაღუპა ურწმუნონი.

6

ხოლო ანგელოზნი, რომელთაც არ დაიცვეს თავიანთი ღირსება, არამედ მიატოვეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებისა და წყვდიადის ქვეშ შემოინახა, რათა დიად დღეს იქნან განკითხულნი.

7

როგორც სოდომი და გომორა და მოსაზღვრე ქალაქები, მათ მსგავსად რომ მეძაობდნენ და აედევნენ უცხო ხორცს, საუკუნო ცეცხლით დასჯის მაგალითებად არიან დადგენილი,

8

ასევე დაემართებათ ამ მეოცნებეთაც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, უარყოფენ უფლებათ და გმობენ დიდებათ.

9

მიქაელ მთავარანგელოზმა ეშმაკთან პაექრობისას, როცა ედავებოდა მას მოსეს სხეულისთვის, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა, არამედ თქვა: „შეგრისხოს უფალმა!“

10

ესენი კი გმობენ იმას, რაც არ იციან, ხოლო რაც ბუნებრივად იციან, როგორც უგუნურმა პირუტყვებმა, იმით იხრწნიან თავს.

11

ვაი მათ, რადგან კაენის გზით მიდიან. საზღაურისათვის აჰყვნენ ბილყამის ცდომილებას და ჯიუტობით იღუპებიან, როგორც კორახი.

12

ისინი ლაქებად არიან თქვენს სიყვარულის სერობებზე. უშიშრად ნადიმობენ თქვენთან და მასპინძლობენ თავიანთ თავს. ქარისგან მიმოფანტული უწყლო ღრუბლები არიან, შემოდგომის უნაყოფო ხენი — ორგზის მომკვდარნი და ძირფესვიანად აღმოფხვრილნი,

13

მძვინვარე ტალღები ზღვისა, თავისივე სირცხვილით აქაფებულნი, ცთომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც სიბნელის წყვდიადია შენახული საუკუნოდ.

14

ხანოქმაც, ადამის შემდეგ მეშვიდემ, იწინასწარმეტყველა მათზე და თქვა: „აჰა, მოდის უფალი თავის ათეულ ათასობით წმიდასთან ერთად.“

15

რათა ყველა განიკითხოს და ამხილოს უღვთოთა ყოველგვარი საქმე, რაც მათ უღვთობით ჩაუდენიათ, და ყველა სასტიკი სიტყვა, მის მიმართ რომ უთქვამთ იმ უღვთო ცოდვილთ.

16

ისინი მდრტვინავნი არიან, უკმაყოფილონი, თავიანთი გულისთქმებით მავალნი, რომელთა ბაგენი მაღალფარდოვან სიტყვებს წარმოთქვამენ, ანგარების გამო პირფერობენ.

17

თქვენ კი, საყვარელნო, გახსოვდეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოციქულთა მიერ წინასწართქმული.

18

ისინი გეუბნებოდნენ თქვენ, რომ უკანასკნელ უამს მოვლენ მკიცხავნი, თავიანთი უღვთო გულისთქმებით მავალნი.

19

ესენი არიან განმყოფელნი, მიწიერნი, სულის უქონელნი.

20

ხოლო თქვენ, საყვარელნო, აღაშენეთ თქვენი თავი უწმიდეს რწმენაზე, ილოცეთ სულიწმიდით,

21

დაიცავით თქვენი თავი ღვთის სიყვარულში და დაელოდეთ ჩვენი უფლისაგან, იესო ქრისტესაგან, წყალობას საუკუნო სიცოცხლისათვის.

22

ერთნი — დაეჭვებულნი შეიწყალეთ.

23

სხვანი ცეცხლიდან გამოტაცებით იხსენით, სხვანი შიშით ამხილეთ და ხორცისგან გაბინძურებული პერანგი შეიზიზღეთ.

24

ხოლო ვისაც ძალუძს დაგიცვათ დაცემისაგან და უბიწონი დაგაყენოთ სიხარულში თავისი დიდების წინაშე,

25

ერთადერთ ბრძენს2— ღმერთს, ჩვენს მაცხოვარს ჩვენი უფლის იესო ქრისტეთი დიდება, სიდიადე, ძალა და ხელმწიფება ყოველთა საუკუნეთა უწინარეს აწ და ყოველთა საუკუნეთა მიმართ. ამინ.

© 2018 Дом Молитвы. Христианская Интернет Миссия.