ფილიმონის მიმართ
1

1

პავლე, ქრისტე იესოს პატიმარი, და ძმა ტიმოთე, ფილიმონს — ჩვენს საყვარელსა და თანამშრომელს,

2

და აპფიას, საყვარელ დას, და არქიპოსს, ჩვენს თანამებრძოლს, და შენს საშინაო ეკლესიას:

3

მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.

4

ვმადლობ ჩემს ღმერთს, ყოველთვის გიხსენებ ჩემს ლოცვებში,

5

მესმის რა შენი სიყვარული და რწმენა, რომელიც შენ გაქვს უფალ იესოს და ყველა წმიდის მიმართ,

6

რათა შენი თანაზიარება რწმენაში ქმედითი იყოს შეცნობისას ყოველი სიკეთისა, რომელიც თქვენშია, ქრისტესათვის,

7

ვინაიდან მე დიდი სიხარული და ნუგეში მქონდა შენს სიყვარულში, რადგან შენით გახალისდნენ წმიდათა გულები, ძმაო.

8

ამიტომ, რაკი ქრისტეში მაქვს დიდი სითამამე, რომ გიბრძანო, რაც ჯერ არს,

9

სიყვარულით გთხოვ უფრო, არა ვინმე სხვა, არამედ მე, მოხუცებული პავლე, ახლა კი აგრეთვე ქრისტე იესოსთვის პატიმარი,

10

გთხოვ ჩემს შვილზე, ონისიმოსზე, რომელიც ვშვი ჩემს ბორკილებში.

11

იგი ოდესღაც გამოუსადეგარი იყო შენთვის, ახლა კი შენთვისაც და ჩემთვისაც გამოსადეგია, რომელსაც გიბრუნებ.

12

ხოლო შენ მიიღე იგი, როგორც ჩემი გული.

13

მინდოდა ჩემთან დამეყენებინა იგი, რათა შენს მაგივრად ემსახურა ჩემთვის სახარების ბორკილებში,

14

მაგრამ შენი თანხმობის გარეშე არაფრის გაკეთება არ ვინდომე, რათა შენი კეთილი საქმე ნაძალადევი კი არ ყოფილიყო, არამედ ნებაყოფლობითი.

15

ვინაიდან, იქნებ იმიტომ დაგშორდა დროებით, რომ სამუდამოდ მიგეღო იგი,

16

უკვე არა როგორც მონა, არამედ მონაზე მეტი, საყვარელი ძმა, განსაკუთრებით ჩემთვის და, მით უმეტეს, შენთვის ხორციელადაც და უფალშიც.

17

მაშ, თუ თანაზიარად მიგაჩნივარ, მიიღე ის, ვითომც მე ვიყო.

18

თუ რამე გაწყენინა ან მართებს რაიმე, მე მომკითხე.

19

მე, პავლემ, დავწერე ჩემი ხელით. მე გადავიხდი, რათა არ გითხრა, რომ შენ თავად მოვალე ხარ ჩემი.

20

მაშ, ასე, ძმაო, ვიხარებდე შენგან უფალში. გაახალისე ჩემი გული ქრისტეში.

21

შენი მორჩილების სასოებით მოგწერე და ვიცი, რომ იმაზე მეტსაც გააკეთებ, ვიდრე ვამბობ.

22

ამასთან გამიმზადე ბინაც, ვინაიდან იმედი მაქვს, რომ თქვენი ლოცვების მეოხებით უკან დაგიბრუნდებით.

23

მოგიკითხავენ შენ ეპაფრასი, ჩემი თანაპატიმარი ქრისტე იესოს გულისათვის,

24

მარკოზი, არისტარქოსი, დემა, ლუკა — ჩემი თანამშრომლები.

25

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენს სულთან. ამინ.

© 2018 Дом Молитвы. Христианская Интернет Миссия.