ფილიპელთა მიმართ
1 2 3 4

1

პავლე და ტიმოთე, იესო ქრისტეს მონები, ყველა წმიდას ქრისტე იესოში, რომელნიც ფილიპეში იმყოფებიან, ეპისკოპოსებითა და დიაკვნებითურთ:

2

მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.

3

ვმადლობ ჩემს ღმერთს თქვენს ყოველ გახსენებაზე.

4

მუდამ, ჩემს ყველა ვედრებაში, სიხარულით ვევედრები ყოველი თქვენგანისათვის,

5

სახარებაში თქვენი თანაზიარებისათვის, პირველი დღიდან აქამომდე.

6

დარწმუნებული ვარ, რომ დამწყები თქვენში კეთილი საქმისა შეასრულებს კიდეც მას იესო ქრისტეს დღემდე.

7

სწორედაც რომ მმართებს ფიქრი ყოველ თქვენგანზე, რადგან გულში მყავხართ, ჩემს ბორკილებში და სახარების დაცვისას და განმტკიცებისას, ყველანი თანაზიარნი ხართ ჩემს მადლში.

8

ვინაიდან ღმერთია ჩემი მოწამე, რომ ყველანი მიყვარხართ იესო ქრისტეს სიყვარულით.

9

ამაზე ვლოცულობ, რომ უფრო და უფრო გაიზარდოს თქვენი სიყვარული ცოდნასა და ყოველ გრძნობაში,

10

რათა გამოსცადოთ უმჯობესი და იყოთ წრფელნი და დაუბრკოლებელნი ქრისტეს დღეს,

11

სიმართლის ნაყოფით აღვსილნი იესო ქრისტეს მიერ ღვთის სადიდებლად და საქებრად.

12

ძმებო, მსურს იცოდეთ, რომ რაც თავს გადამხდა სახარების წარმატებას უფრო ემსახურნენ.

13

ისე რომ, ჩემი ბორკილები ქრისტეში ცნობილი გახდა მთელი პრეტორიისათვის და ყველა დანარჩენთათვის.

14

უფალში ძმათა უმრავლესობა გამხნევდა ჩემი ბორკილებით და გაბედა, რომ უფრო მეტად და უშიშრად ელაპარაკა ღვთის სიტყვა.

15

თუმცა ზოგიერთნი შურიანობით და ჯიბრით ქადაგებენ ქრისტეს, ზოგნი კი კეთილი ზრახვით.

16

ესენი სიყვარულით, ვინაიდან იციან, რომ სახარების დასაცავად ვარ დაყენებული.

17

ზოგნი კი — ჯიბრით ქადაგებენ ქრისტეს არაწმიდად, რადგან ფიქრობენ დაამძიმონ ჩემი ბორკილები.

18

მერედა რა? როგორც არ უნდა იქადაგონ ქრისტე — რაღაც მიზეზით თუ გულწრფელად, მე ასეც მიხარია და კვლავაც გავიხარებ.

19

ვინაიდან ვიცი, რომ ეს ჩემი ხსნა იქნება თქვენი ლოცვითა და იესო ქრისტეს სულის შეწევნით,

20

თანახმად მოლოდინისა და სასოებისა, რომ არაფერში არ შევრცხვები, არამედ მთელი სიცხადით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც განდიდდება ქრისტე ჩემს სხეულში — სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით,

21

ვინაიდან ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა და სიკვდილი — მონაგები.

22

თუ ხორციელი ცხოვრება ნაყოფს შემატებს ჩემს საქმეს, არ ვიცი, რა ამოვირჩიო.

23

მიზიდავს ორივე: მსურს წავიდე და ვიყო ქრისტესთან, რაკი ეს ბევრად უკეთესია,

24

მაგრამ ხორცში დარჩენა უფრო მეტად თქვენთვის არის საჭირო.

25

მე კი დანამდვილებით ვიცი, რომ დავრჩები და ვიქნები თქვენთან ყველასთან ერთად თქვენი წარმატებისა და რწმენის სიხარულისათვის,

26

რათა ჩემი მეშვეობით გამრავლდეს თქვენი ქება ქრისტე იესოში, როცა კვლავ მოვალ თქვენთან.

27

ოღონდ მოიქეცით ქრისტეს სახარების ღირსად, რათა, ან როცა მოვალ და გნახავთ, ან თუ არ ვიქნები თქვენთან, მოვისმინო თქვენზე, რომ დგახართ ერთი სულით და ერთსულოვნად იღწვით სახარების რწმენისათვის.

28

ნურაფერში შეუშინდებით მოწინააღმდეგეს: ეს მათთვის დაღუპვის ნიშანია, თქვენთვის კი — ხსნისა. ეს ღვთისაგან არის.

29

ვინაიდან ქრისტეს გულისათვის მოგეცათ თქვენ არა მარტო რწმენა, არამედ მისთვის ტანჯვაც

30

ისეთივე ღვაწლით, რომელიც ჩემში ნახეთ და რომელსაც ახლა ისმენთ ჩემზე.

© 2018 Дом Молитвы. Христианская Интернет Миссия.