კოლოსელთა მიმართ
1 2 3 4

1

პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, და ძმა ტიმოთე,

2

კოლოსეში მყოფ წმიდათ და მორწმუნე ძმებს ქრისტეში.

3

მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. ვმადლობთ ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამას ყოველთვის, როცა თქვენთვის ვლოცულობთ.

4

რომ გვესმის თქვენი რწმენა ქრისტე იესოში და თქვენი სიყვარული ყოველი წმიდის მიმართ,

5

თქვენთვის ზეცაში გამზადებული სასოების გამო, რომელიც წინასწარ გესმათ სახარების ჭეშმარიტი სიტყვით,

6

რომელიც მოვიდა თქვენთან ისევე, როგორც მთელ სოფელში, და მოაქვს ნაყოფი და იზრდება ისევე, როგორც თქვენს შორისაც იმ დღიდან მოკიდებული, რაც თქვენ ისმინეთ და შეიცანით ღვთის მადლი ჭეშმარიტებაში,

7

როგორც ისწავლეთ ჩვენ საყვარელ თანამსახურ, ეპაფრასაგან, რომელიც ერთგულად ემსახურება ქრისტეს თქვენთვის,

8

მანვე გვაუწყა თქვენი სიყვარული სულით.

9

ამისათვის ჩვენც იმ დღიდან, რაც ეს მოვისმინეთ, განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით, ყოველნაირი სიბრძნითა და სულიერი გონებით,

10

რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში აამოთ მას ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის გამოღებით და ღვთის შეცნობაში ზრდით,

11

მთელი ძალით გაძლიერდეთ მისი დიდების სიმტკიცისამებრ ყოველგვარ მოთმინებაში და სულგრძელებაში სიხარულით.

12

ჰმადლობდეთ მამას, რომელმაც წმიდანთა მემკვიდრეობის მონაწილეობის ღირსი გაგვხადა ნათელში,

13

რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში,

14

რომელშიც გვაქვს მისი სისხლით გამოსყიდვა და ცოდვების მიტევება,

15

ვინც არის უხილავი ღვთის ხატება, პირმშო ყოველი ქმნილებისა,

16

ვინაიდან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და მიწაზეა, ხილული და უხილავი: საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი — ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი.

17

იგი არის უწინარეს ყოვლისა და ყოველივე მისით დგას.

18

ის არის ეკლესიის სხეულის თავი. ის არის დასაბამი, პირმშო მკვდართაგან, რათა მას ჰქონდეს პირველობა ყველაფერში.

19

რადგან მასში მოიწონა მთელი სისავსის დამკვიდრება,

20

რათა მისით შემოერიგებინა ყოველი, დაემშვიდებინა მისი ჯვრის სისხლით მიწაზე თუ ცაში.

21

თქვენც, რომელნიც ოდესღაც იყავით გაუცხოებულნი და გონებით მტრები თქვენი ბოროტი საქმეების გამო,

22

ახლა შეგირიგათ მისი სხეულის ხორცში, მისი სიკვდილით, რათა წარგადგინოთ თავის წინაშე წმიდები, უბიწონი და უბრალონი.

23

ოღონდ თუ დარჩებით მტკიცე და შეურყეველი რწმენაში და არ გადაუხვევთ სახარების სასოებას, რომელიც თქვენ ისმინეთ, რომელიც ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში და რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე.

24

ახლა კი ვხარობ ჩემი ტანჯვებით თქვენს გამო და ჭირს, რაც ქრისტეს დააკლდა, ვავსებ საკუთარი ხორცით მისი სხეულისათვის, რომელიც ეკლესიაა,

25

რომლის მსახურიც მე გავხდი საღვთო მნეობის მიხედვით, რომელიც ნაბოძები მაქვს თქვენი გულისთვის, აღსასრულებლად ღვთის სიტყვისა,

26

საიდუმლოსი, რომელიც დაფარული იყო საუკუნეთა და თაობათაგან და ახლა გაემხილათ მის წმიდებს,

27

რომელთათვისაც ღმერთმა ინება ეცნობებინა, თუ რა არის სიმდიდრე ამ საიდუმლოს დიდებისა წარმართებს შორის, რაც არის ქრისტე თქვენში, დიდების სასოება,

28

რომელსაც ვქადაგებთ ჩვენ, რათა შევაგონოთ ყოველ ადამიანს და ვასწავლოთ ყოველ ადამიანს ყოველგვარი სიბრძნე, რათა ყოველი კაცი წარვადგინოთ სრულქმნილად ქრისტე იესოში.

29

ამისათვის მეც ვშრომობ და ვიღწვი მისი ძალით, რომელიც ძლიერად მოქმედებს ჩემში.

© 2018 Дом Молитвы. Христианская Интернет Миссия.