ტიტეს მიმართ
1 2 3

1

პავლე, ღვთის მონა და იესო ქრისტეს მოციქული, ღვთის რჩეულებს რწმენით და ჭეშმარიტების შეცნობით, ღვთისმოსაობის შესაბამისად,

2

საუკუნო სიცოცხლის სასოებით, რომელიც აღუთქვა უტყუარმა ღმერთმა უწინარეს საუკუნეთა.

3

ხოლო თავის დროზე გამოაცხადა თავისი სიტყვა ქადაგებაში, რომელიც მომენდო მე ჩვენი მაცხოვარი ღვთის ბრძანებით.

4

ტიტეს, ნამდვილ შვილს საერთო რწმენაში, მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღვთისაგან და ჩვენი მაცხოვრის, ქრისტე იესოსაგან.

5

იმისათვის დაგტოვე შენ კრეტაში, რომ დაასრულო დაუსრულებელი და დააყენო ყველა ქალაქში ხუცესები, როგორც მე დაგავალე.

6

თუ არის ვინმე უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ჰყავს მორწმუნე შვილები, გარყვნილებასა და ურჩობაში ბრალდაუდებელნი.

7

ვინაიდან ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, როგორც ღვთის მნე, არა თვითნება, არა გულფიცხი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არა ანგარების მოყვარე,

8

არამედ სტუმართმოყვარე, კეთილის მოყვარული, აზრიანი, მართალი, წმიდა,

9

სარწმუნო სიტყვის მიმდევარი მოძღვრების მიხედვით, რომ შეძლოს საღი მოძღვრებით შეაგონოს და დაარწმუნოს მოკამათენი.

10

ვინაიდან ბევრია ურჩი, ყბედი და მატყუარა, განსაკუთრებით წინადაცვეთილთაგან,

11

რომლებსაც უნდა აეკრათ პირები. ისინი რყვნიან ყველა სახლს, ასწავლიან, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ, სამარცხვინო ანგარებისთვის.

12

ერთ-ერთმა მათგანმა, მათმავე წინასწარმეტყველმა თქვა: „კრეტელნი მუდამ ცრუნი არიან, ბოროტი მხეცები, უქნარა სტომაქები“.

13

ეს მოწმობა სამართლიანია. ამ მიზეზით ამხილე ისინი მკაცრად, რათა ისინი საღნი იყვნენ რწმენაში.

14

ყურად არ იღონ იუდეველთა ზღაპრები და იმ კაცთა მცნებანი, ვინც განერიდა ჭეშმარიტებას.

15

წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა, ხოლო წაბილწულთა და ურწმუნოთათვის არაფერია წმიდა, არამედ წაბილწულია მათი გონებაც და სინდისიც.

16

ისინი სიტყვით აღიარებენ ღმერთს, საქმეებით კი უარყოფენ, ვინაიდან საძაგელნი და ურჩნი არიან და უვარგისნი ყოველი კეთილი საქმისათვის.

© 2018 Дом Молитвы. Христианская Интернет Миссия.