იოანე

1

დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.

2

ის იყო დასაწყისში ღმერთთან.

3

ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა.

4

მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი.

5

ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი.

6

იყო კაცი, მოვლინებული ღვთისგან; სახელი მისი იყო იოანე.

7

იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ, რათა ყველას ერწმუნა მისი მეშვეობით.

8

იგი არ იყო ნათელი, არამედ რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ.

9

იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც უნათებს სოფლად მომსვლელ ყოველ ადამიანს.

10

იყო სოფელში და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმა ვერ იცნო იგი.

11

თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი.

12

ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.

13

ისინი იშვნენ არა სისხლისაგან, არა ხორცის ნდომისაგან, არა მამაკაცის ნდომისაგან, არამედ ღვთისაგან.

14

სიტყვა ხორცი იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე. და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც დიდება მამისაგან მხოლოდშობილისა.

15

იოანე მოწმობს მასზე და ღაღადებს: „ეს იყო, ვისზეც ვთქვი: ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო.

16

მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ.

17

ვინაიდან რჯული მოცემულია მოსეს მიერ, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა.“

18

ღმერთი არასოდეს არავის უნახავს. მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, გააცხადა.

19

აჰა, მოწმობა იოანესი, როცა იუდეველებმა მიუგზავნეს იერუსალიმიდან მღვდელნი და ლევიანები, რათა ეკითხათ მისთვის: „ვინ ხარ შენ?“

20

მან აღიარა და არ უარყო, აღიარა: „მე არა ვარ ქრისტე.“

21

და ჰკითხეს მას კვლავ: „მაშ ვინა ხარ? ელია ხარ?“ ამბობს: „არა ვარ.“ „წინასწარმეტყველი ხარ?“ მიუგებს: „არა.“

22

მაშინ უთხრეს მას: „ვინა ხარ, რომ პასუხი გავცეთ ჩვენს წარმომგზავნელთ: რას იტყვი შენზე?“

23

თქვა: „მე ვარ ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: მოუსწორეთ გზა უფალს, როგორც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა.“

24

წარმოგზავნილები კი ფარისეველთაგან იყვნენ.

25

და ჰკითხეს მას და უთხრეს: „აბა, რაღატომ ნათლავ, თუ არც ქრისტე ხარ, არც ელია, არც წინასწარმეტყველი?“

26

მიუგო მათ იოანემ და უთხრა: „მე ვნათლავ წყლით, მაგრამ თქვენს შორის დგას, ვისაც ვერ იცნობთ.

27

ის ჩემს შემდეგ მოდის, მაგრამ მე მის სანდლებზე თასმის შეხსნის ღირსიც არა ვარ.“

28

ეს ბეთანიაში მოხდა, იორდანეს გაღმა, სადაც იოანე ნათლავდა.

29

მეორე დღეს იხილა მან მისკენ მომავალი იესო და თქვა: „აჰა, ღვთის კრავი, რომელმაც აიღო სოფლის ცოდვა.

30

ეს არის, ვისზეც ვთქვი: ჩემს შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო-მეთქი.

31

მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ იმიტომ მოვედი წყლით სანათლავად, რომ ის გამოეცხადოს ისრაელს.“

32

მოწმობდა იოანე და ამბობდა: „მე ვიხილე ციდან მტრედივით გადმომავალი სული, რომელმაც დაივანა მასზე.

33

მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც მომავლინა წყლით სანათლავად, მან მითხრა: ‘ვისზეც დაინახო სული, გადმომავალი და დავანებული, ის არის სულიწმიდით ნათლისმცემელი.’

34

მე დავინახე და დავამოწმე, რომ ეს არის ძე ღვთისა.“

35

მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე და ორი მისი მოწაფეთაგანი.

36

დაინახა მომავალი იესო და თქვა: „აჰა, ღვთის კრავი.“

37

ორმა მოწაფემ გაიგონა მისი სიტყვა და გაჰყვა იესოს.

38

იესო მობრუნდა და დაინახა, რომ მიჰყვებიან, და ეუბნება მათ: „რას ეძებთ?“ მათ უთხრეს: „რაბი (რაც თარგმანით ნიშნავს: მოძღვარო), სად დგახარ?“

39

ეუბნება მათ: „წამოდით და ნახავთ.“ წავიდნენ და ნახეს, სადაც იდგა. ის დღე მასთან დაჰყვეს. იქნებოდა ასე მეათე საათი.

40

ერთი ამ ორთაგანი, რომელთაც იოანესგან მოისმინეს და გაჰყვნენ იესოს, იყო ანდრია, ძმა სიმონ-პეტრესი.

41

მან პირველად თავისი ძმა სიმონი ნახა და უთხრა: „ჩვენ ვიპოვეთ მესია“ (რაც თარგმანით ნიშნავს ქრისტეს).

42

მიიყვანა იგი იესოსთან. შეხედა მას იესომ და უთხრა: „შენ ხარ სიმონი, იოანეს ძე. ამიერიდან შენ გერქმევა კეფა (რაც თარგმანით ნიშნავს კლდეს, პეტრეს).

43

მეორე დღეს მოისურვა გალილეას წასვლა, და იპოვა ფილიპე. უთხრა მას იესომ: „გამომყევი“.

44

ხოლო ფილიპე ბეთსაიდიდან იყო, ანდრიას და პეტრეს ქალაქიდან.

45

ფილიპე შეხვდა ნათანაელს და უთხრა: „ჩვენ ვნახეთ ის, ვისზეც დაწერეს რჯულში მოსემ და წინასწარმეტყველებმა: იესო, იოსების ძე, ნაზარეთიდან.“

46

უთხრა მას ნათანაელმა: „ნაზარეთიდან რა სიკეთე შეიძლება იყოს?“ უთხრა მას ფილიპემ: „წამოდი და ნახე“.

47

იესომ რომ დაინახა მისკენ მომავალი ნათანაელი, თქვა მასზე: „აჰა, ნამდვილი ისრაელიანი, რომელშიც არ არის მზაკვრობა.“

48

ეუბნება მას ნათანაელი: „საიდან მიცნობ?“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „ვიდრე ფილიპე დაგიძახებდა, ლეღვის ქვეშ დაგინახე.“

49

მიუგო მას ნათანაელმა: „რაბი, შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ მეფე ისრაელისა.“

50

მიუგო იესომ და უთხრა მას: „შენ იმის გამო გწამს, რომ გითხარი, ლეღვის ქვეშ დაგინახე-მეთქი? ამაზე მეტსაც იხილავ.“

51

ეუბნება მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღვთის ანგელოზებს, კაცის ძეზე აღმავალთ და ჩამომავალთ.“

© 2018 Дом Молитвы. Христианская Интернет Миссия.