მარკოზი
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16

1

დასაწყისი სახარებისა იესო ქრისტესი, ღვთის ძისა.

2

როგორც ესაია წინასწარმეტყველში სწერია: „აჰა, მე მოვავლენ შენი სახის წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც მოამზადებს შენს გზას.

3

ხმა მღაღადებლისა უდაბნოში. განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები.“

4

იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში მივიდა და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად.

5

გამოდიოდა მასთან იუდეველთა მთელი ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი და მდინარე იორდანეში მის მიერ ინათლებოდნენ და თავიანთ ცოდვებს აღიარებდნენ.

6

იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელზე ტყავის სარტყელი ერტყა. და ჭამდა კალიებსა და ველურ თაფლს.

7

ქადაგებდა და ამბობდა: „ჩემს შემდეგ ჩემზე უძლიერესი მოდის, ვის წინაშეც არა ვარ ღირსი დავიხარო და სანდლის თასმა გავუხსნა.

8

მე წყლით გნათლავდით, ის კი სულიწმიდით მოგნათლავთ.“

9

მოხდა იმ დღეებში, რომ მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთიდან და მოინათლა იოანეს მიერ იორდანეში.

10

და უცბად, როცა წყლიდან ამოდიოდა, იხილა გახსნილი ცა და სული, მტრედივით გარდამომავალი მასზე.

11

და ციდან იყო ხმა: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე.“

12

და უცბად წაიყვანა იგი სულმა უდაბნოში.

13

უდაბნოში ორმოცი დღე იყო იგი და სატანისგან იცდებოდა. მხეცებთან იყო და ანგელოზები ემსახურებოდნენ.

14

მას შემდეგ, რაც იოანე გადაცემულ იქნა, იესო მივიდა გალილეაში და ღვთის სახარებას ქადაგებდა

15

და ამბობდა: „აღსრულდა უამი და მოახლოვდა ღვთის სასუფეველი. მოინანიეთ და იწამეთ სახარება.“

16

როცა გალილეის ზღვის პირას დადიოდა, დაინახა სიმონი და სიმონის ძმა ანდრია, რომლებიც ზღვაში ბადეს ისროდნენ, რადგან მებადურები იყვნენ.

17

იესომ უთხრა მათ: „მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაგხდით.“

18

მათ მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას.

19

ცოტა გაიარა და დაინახა იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე. ისინი ნავში ბადეებს ამზადებდნენ.

20

მყისვე მოიხმო ისინი, და მათ მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე ნავში მყოფ მუშებთან ერთად და გაჰყვნენ მას.

21

კაპერნაუმს მივიდნენ და მყისვე, შაბათ დღეს, შევიდნენ სინაგოგაში, და იგი ასწავლიდა მათ.

22

გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, რადგან ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მწიგნობარნი.

23

უცბად მათ სინაგოგაში მყოფმა, არაწმიდა სულით შეპყრობილმა, კაცმა იყვირა:

24

„რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპავად მოხვედი? გიცნობ, ვინც ხარ, ღვთის წმიდავ.“

25

იესომ შერისხა იგი და უთხრა: „გაჩუმდი და გადი მაგისგან.“

26

არაწმიდა სულმა შეანჯღრია იგი, დიდი ხმით დაიკივლა და გამოვიდა მისგან.

27

ისე განცვიფრდნენ ყველანი, რომ, ერთმანეთს ეკითხებოდნენ: ეს რა არისო? ეს რა ახალი მოძღვრებაა, რომ ხელმწიფებით არაწმიდა სულთაც კი უბრძანებს და ისინიც ემორჩილებიანო მას?

28

მისი ამბავი მყისვე მოედო გალილეის მთელ მხარეს.

29

სინაგოგიდან გამოსვლისთანავე სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდნენ იოანესთან და იაკობთან ერთად.

30

სიმონის სიდედრი იწვა ციებ-ცხელებით შეპყრობილი. მას მყისვე უთხრეს მასზე.

31

მივიდა, ხელი მოჰკიდა და წამოაყენა იგი. სიცხემ გაუარა და მოემსახურა მათ.

32

საღამო უამს, მზის ჩასვლისას, მიუყვანეს მას ყველა, ვინც კი სნეული და ეშმაკეული იყო.

33

მთელი ქალაქი შეკრებილი იყო კართან.

34

ბევრი სნეული განკურნა სხვა და სხვა სენისაგან, ბევრი ეშმაკი განდევნა და ნებას არ რთავდა ეშმაკებს, ელაპარაკათ, რადგან ისინი იცნობდნენ მას.

35

განთიადამდე, ჯერ კიდევ ღამიანად ადგა, გავიდა და წავიდა უდაბნო ადგილას, და იქ ლოცულობდა.

36

სიმონი და მასთან მყოფნი საჩქაროდ გაედევნენ მას.

37

იპოვეს იგი და უთხრეს: „ყველა შენ გეძებს.“

38

უთხრა მათ: „წავიდეთ სხვა ახლო-მახლო ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, რადგან ამისათვის ვარ მოსული.“

39

და დადიოდა მთელ გალილეაში, ქადაგებდა მათ სინაგოგებში და ეშმაკებს დევნიდა.

40

მოვიდა მასთან ერთი კეთროვანი, მუხლი მოუყარა, შეევედრა და უთხრა: „თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განწმედა.“

41

შეეცოდა იგი, გაიწოდა ხელი, შეახო მას და უთხრა: „მსურს, განიწმიდე!“

42

და მყისვე მოშორდა კეთრი და განიწმიდა.

43

მკაცრად გააფრთხილა და მყისვე გაუშვა.

44

უთხრა მას: „უყურე, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმედისათვის, რაც ბრძანა მოსემ, მათდა დასამოწმებლად.“

45

ის კი გავიდა და დაიწყო ბევრი ლაპარაკი და ისე გაახმაურა ეს ამბავი რომ, იესო ცხადად ვეღარ შედიოდა ქალაქში, არამედ გარეთ, უდაბნო ადგილებში იმყოფებოდა და ყოველი მხრიდან მიედინებოდნენ მასთან.

© 2018 Дом Молитвы. Христианская Интернет Миссия.